English / ქართული / русский /
გიორგი ბრეგვაძე
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოში

ანოტაცია. თითოეული ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია ეკონომიკური განვითარება და ეფექტიანობის მიღწევა. ისინი ქმნიან ახალ საწარმოებსა და დამატებით სამუშაო ადგილებს, საშუალებას იძლევიან დაიხვეწოს თანამედროვე ტექნოლოგიები და განახლდეს საწყისი კაპიტალი. ამასთან ერთად,ხელს უწყობენ ინტენსიურ წარმოებას და მათი მეშვეობით ხდება ბაზარზე ახალი საქონლის და მომსახურების მიწოდება. ეს ხელსაყრელია როგორც მომხმარებლისთვის და მიმწოდებლისთვის, ასევე ინვესტორებისთვის და სამთავრობო მიზნებისთვის. საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობა. კაპიტალის კვლავწარმოებისა და ინვესტიციური პროცესების აქტივობა არსებითად განსაზღვრავს ეროვნული წარმოების განვითარებას.

საკვანძო სიტყვები: ინვესტიცია, კაპიტალი, რეინვესტიცია, სამუშაო ადგილები.

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკაში მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. ისტორიული თვალსაზრისით, არცთუ ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობებმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადამწყვეტი როლი და მნიშვნელობა გააანალიზეს, გამონაკლისი არც განვითარებული და „ასევე“ არც განვითარებადი ქვეყნები ყოფილან. საქართველოსა და აგრეთვე საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობით უცხოური ინვესტიციების მოზიდვას მრავალი მაჩვენებელი განაპირობებს. საქართველოს მაგალითზე, ნეგატიურ ფაქტორებში შეგვიძლია განვიხილოთ მისი მცირე სამომხმარებლო ბაზარი; სამუშაო ძალის დაბალი კვალიფიკაცია (მიუხედავად წერა-კითხვის და დიპლომიანთა თითქმის ასპროცენტიანი მაჩვენებლისა მოსახლეობის ერთ სულზე); ორი კონფლიქტური რეგიონი ქვეყანაში; დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდანვე დაუმარცხებელი პოლიტიკური არასტაბილურობა და მრავალი სხვა. თუმცა არსებობს პოზიტიური მხარეებიც, როგორებიცაა: საკანონმდებლო ბაზრის მუდმივი გაუმჯობესება; ეკონომიკის ლიბერალიზაცია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან, საქართველოს ადგილმდებარეობის უპირატესობა და სხვა. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში საქართველო მიმზიდველ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება. თუმცა ჯერჯერობით უცხოელი ინვესტორები საქართველოში მაინც იაფი სამუშაო ძალის გამოყენებით, ადგილობრივი ბაზრის ათვისებით არიან დაკავებული და ნაკლებად უწყობენ ხელს მაღალტექნოლოგიური, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებას. აქვე უნდა ითქვას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხშირ შემთხვევაში, არა მიმღები ქვეყნის მაჩვენებლების უპირატესობებზე, არამედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ექსპორტიორ ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზეა დამოკიდებული, აგრეთვე ისეთ გლობალურ მოვლენებზეც, როგორიცაა მსოფლიო ფინანსური კრიზისი ან პირიქით – მსოფლიო ეკონომიკური ბუმი. საინტერესოა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დარგებს შორის პერსპექტიულია ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბაზრები, აგრეთვე დამამუშავებელი მრეწველობა. სხვა სფეროებში ინვესტორთა დაინტერესება საკმაოდ დაბალია, მაგალითად: საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულების ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადების მიუხედავად, ინვესტიციები ამ სფეროში მიზერულია და მთლიანი ინვესტიციების 3%-ს არ აღემატება. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის ქართულ-უცხოური წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციების ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 50%-ს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტიციები აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ექსპორტის ფორმირებაში, თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ეს ძირითადად დაბალტექნოლოგიური დარგების ექსპლუატირების ხარჯზე ხორციელდება. ქართული ეკონომიკის თვისებრივად ახალ დონეზე გადასაყვანად და მისი ექსპორტის როგორც აბსოლუტურ, ასევე სტრუქტურულ ჭრილში გასაუმჯობესებლად, საჭიროა გეზის აღება ისეთ მიმართულებაზე, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც, თავის მხრივ, განათლებაში (პროფესიული და ტექნოლოგიური ცენტრები; საშუალო და უმაღლესი განათლება) მნიშვნელოვანი რესურსების დაბანდების გარეშე წარმოუდგენელია.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის – სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით. საქსტატმა ასევე დააზუსტა 2022 წლის I, II და III კვარტალების მონაცემები, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური გამოკვლევიდან მიღებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და შესაბამისი ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

ცხრილი 1  

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2017-2022 წლებში.

ცხრილი 2

 

ცხრილი 1 და ცხრილი 2 შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით. რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 686.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 3.3-ჯერ აღემატება. რეინვესტიციის მოცულობა გაზრდილია 1.7-ჯერ და შეადგენს 1 289 მლნ. დოლარს.

ცხრილი 3 

ცხრილი 3 შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით.

2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტი¬ციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა

ცხრილი 4

 

ცხრილი 4 შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2022 წლის წინასწარი მონაცემებით 48.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სტრუქტურული დიაგრამა №3. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4 პროცენტით, მეორეზე – ესპანეთი 18.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე – აშშ 8.2 პროცენტით. გასულ წელს პირველად ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ორ მლრდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა გასულ წელს საქართველოში განხორცილებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ არსებული ტენდენციების შესახებ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, საქსტატმა დააზუსტა ინფორმაცია გასული წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით – სამი კვარტალის შედეგების მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკაში ერთი მლრდ 600 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციები იყო განხორციელებული, თუმცა მეოთხე კვარტალის მონაცემებთან ერთად მათმა ოდენობამ გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებელს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო, მათ შორის მეოთხე კვარტალში, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები იყო – მათზე მოდის შემოსული ინვესტიციების თითქმის ნახევარი. უფრო კონკრეტულად: 2-ჯერ მეტად (142.5%-ით) არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან და 859.6 მლნ. აშშ. დოლარს ანუ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 43%-ს შეადგენს. თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია შემოსული დიდი ბრიტანეთიდან (428.3 მლნ. აშშ. დოლარი), ამას მოჰყვება აშშ და სხვა პარტნიორი ქვეყნები.

„საინვესტიციო სექტორებიც ძალიან დივერსიფიცირებულია გარდა იმისა, რომ ჩვენ, ტრადიციულად, ენერგეტიკაში გასულ წელს საკმაოდ მაღალი აქტივობა გვქონდა და მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელსაც ასევე იქნება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით – ეს არის როგორც უძრავი ქონება, მშენებლობა, ისე ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და დასაწყობების მიმართულებით იყო ყველაზე მეტი აქტივობა და ინვესტიციები ისე განაწილდა, როგორიც ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა იყო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში (526.4 მლნ. აშშ. დოლარი), მე-2 ადგილზე უძრავი ქონების სექტორია (406.9 მლნ. აშშ. დოლარი). გარდა ამისა, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2022 წელს, ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მოცემულია ცხრილში №5:

ცხრილი 5

 

ცხრილი 5 შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით.

თანამედროვე ეკონომიკაში არსებობს ფაქტორთა ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაზე. აღნიშნულ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინვესტიციებსა და საინვესტიციო პოლიტიკას. საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე. ასეთ ქვეყნებში საინვესტიციო პოლიტიკა მიმართულია როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ასევე ადგილობრივ ინვესტიციებზე. ეკონომიკურად განვითარებად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მოქალაქეთა განკარგვადი შემოსავალი შედარებით მცირეა, რაც შესაბამისად აისახება მათ დანაზოგებზე. ამგვარად, ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისათვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ ეკონომიკის განვითარებისათვის დიდი ძალისხმევა გასწია. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური მოწყობის ცვლილება და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლა. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა ეკონომიკური განვითარება და მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, სადაც ინვესტიციები საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.

დასკვნა

ნაშრომში განხილულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოში და მათი მნიშვნელობა, გაანალიზებულია მონაცემები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენის შესახებ ქვეყნებისა და ეკონომიკური დარგების მიხედვით.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი.
2. თიკო დალაქიშვილი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საქართველო, 2021 წ. ვებგვერდი http://geoeconomics.ge/?p=13638
3. უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა, http://tvitmmartveloba.ge/ wp-content/uploads/2020/09/Edited-5-02_Reader_Investments.pdf 
4. ლევან დავითაშვილი, https://1tv.ge/news/levan- davitashvili-gasul-wels-saqartveloshi-shemosuli-pirdapiri-uckhouri-investiciebis- machvenebelma-istoriul-maqsimums- miaghwia-da-or-mlrd-ashsh-dolars-gadaacharba/